ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური ალიანსის (BRICS) ლიდერები სამხრეთ აფრიკაში სამიტზე შეიკრიბნენ. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ ჰეგემონიის დასრულებაა, რაც აშშ დოლარის დასუსტებით უნდა მოხდეს.
სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები განიხილავენ, რა მექანიზმების და ზომების გამოყენებით შეიძლება დაასრულონ დასავლეთის ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე.
სამიტზე BRICS-ის ყველა წევრი ქვეყნის პირველი პირი ჩავიდა, ვლადიმერ პუტინის გარდა.
როგორც დასავლური მედია წერს, ის იოჰანესბურგში დაპატიმრების შიშით არ წავიდა. რუსეთის პრეზიდენტი სამიტს ვიდეო მიმართვით ჩაერთო, მაგრამ მიმართვა რატომღაც სხვისი ხმით იყო ჩაწერილი.
სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შორის ვაჭრობისას ადგილობრივ ვალუტებს გამოიყენებენ, რათა შემცირდეს დამოკიდებულება დოლარსა და ევროზე და ვალუტის კონვერტაციით მიღებული ზარალი.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ გლობალური ფინანსური სისტემის ფუნდამენტური რეფორმა მოითხოვა. მან თქვა, რომ ბლოკის ქვეყნები წარმოადგენენ გლობალური ეკონომიკის მეოთხედს და მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს. BRICS-ის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 2022 წელს $762 მილიარდს მიაღწია, რაც მისი თქმით, გაიზრდება გაერთიანებაში ახალი წევრების შესვლასთან ერთად.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ საჭიროა ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.