ნავთობის ფასმა დღეს მცირედით მოიმატა გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ. გაიაფება შეაჩერა მოთხოვნის გაურკვეველმა პერსპექტივამ და OPEC+-ის შემცირებული მოპოვების შენარჩუნების გადაწყვეტილებამ.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები $86,44ს ბარელზე, ხოლო WTI-ის ფასი $84,71-ს შეადგენს.
ოთხშაბათს ნავთობის ფასი $5-ზე მეტად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში საწვავის მარაგების შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი 2,22 მილიონი ბარელით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ასევე, წინა კვირაში აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა – 8 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ყველაზე დაბალია ამ წლის დასაწყისიდან.
იმავდროულად, OPEC+-ის მონიტორინგის კომიტეტმა უცვლელად დატოვა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით.
ნავთობის ბაზარზე ელოდნენ, რომ საუდის არაბეთი შემცირებულ მოპოვებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებდა. საუდის არაბეთმა კი განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირების გეგმებს 2023 წლის ბოლომდე ინარჩუნებს, მაგრამ ნოემბერში შეიძლება მის პარამეტრებს გადახედოს.
რუსეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა ნავთობის მიწოდების ნებაყოფლობითი შემცირება შეინარჩუნოს 300 ათასი ბარელით დღეში, მიმდინარე წლის ბოლომდე. ამასთანავე ამბობს, რომ წარმოების გაზრდის ან შემცირების შესაძლებლობას ისიც ნოემბერში გადახედავს.
OPEC+-ის შემდეგი სხდომა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.