Boeing-ის თავდაცვის, კოსმოსის და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელ ტედ კოლბერს თანამდებობა დაატოვებინეს, მას შემდეგ, რაც კომპანიაში ახალი აღმასრულებელი დირექტორი რობერტ „კელი“ ორტბერგი მივიდა.
კოლბერი 15 წელი მუშაობდა Boeing-ში, იყო მთავარი საინფორმაციო ოფიცერი და გლობალური სერვისების ბიზნესის ხელმძღვანელი, სანამ თავდაცვის განყოფილებას ჩაუდგებოდა სათავეში.
Boeing-ის ახალი დირექტორი კომპანიის სელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. მან კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კორპორაციის მთავარი მიზანია „აღადგინოს ჩვენი მომხმარებლების ნდობა და დააკმაყოფილოს მაღალი სტანდარტები, რომლებსაც ისინი ჩვენგან მოელიან“.
კომპანიამ უზარმაზარი ფინანსური ზარალი განიცადა მის თვითმფრინავებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 5 იანვარს, Alaska Airlines-ის ფრენის დროს, კომპანიის 737 Max 9 ლაინერს კარი მოძვრა. ამის შემდეგ, კომპანია ფედერალური გამოძიების ქვეშ მოექცა.
ივნისში კი კოსმოსურ ხომალდ Boeing Starliner-ს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტექნიკური პრობლემები შეექმნა. კოსმოსური ხომალდი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მისი ასტრონავტების ბარი ვილმორისა და სუნიტა უილიამსის გარეშე, მას შემდეგ რაც ტესტირებამ აჩვენა, რომ ხომალდში მათი ხელახლა შესვლა სარისკო იყო. მომავალ წელს ასტრონავტებს დააბრუნებენ ხომალდით, რომელსაც კონკურენტი SpaceX უწევს ოპერირებას.
აღნიშნული ხარვეზების გამო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. 2024 წლის მეორე კვარტალში თავდაცვის, კოსმოსის და უსაფრთხოების განყოფილებამ, რომელსაც ტედ კოლბერი ხელმძღვანელობდა, $913 მილიონის ზარალი მიიღო.
ფედერალური გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში თანამდებობებიდან გადადგნენ Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ კალჰუნი და საბჭოს თავმჯდომარე ლარი კელნერი.