Boeing-ის აქციების ფასი წინასაბირჟო ვაჭრობის დროს 8,7%-ით დაეცა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ფრენები შეუჩერა Alaska Airlines-ის კუთვნილ თვითმფრინავს – 737 MAX 9-ს 5 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო. ამის შესახებ Reuters წერს.
თვითმფრინავების მწარმოებელმა შეიძლება, დაახლოებით $12,5 მილიარდი დაკარგოს, თუ აქციების ვარდნა ღია ბაზარზეც გაგრძელდება.
ამავდროულად, Alaska Air Group-ის აქციები დაეცა 4.2%-ით მას შემდეგ, რაც კომპანიამ, FAA-ის მითითებით, 200-ზე მეტი რეისი გააუქმა.
Boeing 737 MAX არის Boeing 737-ის საშუალო დისტანციის სამგზავრო თვითმფრინავების მეოთხე თაობა. პირველი 737 MAX გამოვიდა 2017 წლის მაისში.
ბოინგის ინციდენტები
Alaska Airlines-ის კუთვნილ სამგზავრო ბოინგს ინციდენტი 5 იანვარს შეემთხვა. თვითმფრინავის ფიუზელაჟის პანელი, ფანჯარასთან ერთად, აფრენიდან მალევე გადავარდა. ეკიპაჟი იძულებული გახდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ბოინგი რეისს 1282 პორტლენდიდან ონტარიოს მიმართულებით ასრულებდა.
ბორტზე იმ დროს 171 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
მანამდე ინციდენტი შეემთხვა Boeing 737-500-ს. ინდონეზიური ავიაკომპანიის – Sriwijaya Air-ის ლაინერს პრობლემა 2021 წლის იანვარში ძრავის გაუმართაობის გამო შეექმნა. პილოტებმა პრობლემის დროულად გამოვლენა და გამოსწორება შეძლეს.