Bloomberg-მა დაასახელა კომპანიები, რომლებიც დაპირების მიუხედავად, რომ დატოვებდნენ რუსეთს, ჯერ კიდევ რჩებიან ოკუპანტ ქვეყანაში.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიებს რუსეთში არაერთი პრობლემა ექმნებათ, მაგრამ არ ჩქარობენ ბაზრის დატოვებას.
Coca-Cola-მა ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა რუსეთიდან წასვლის შესახებ, მაგრამ ორი წლის შემდეგ, Coke-ის ლოგო კვლავ ჩანს სუპერმარკეტებსა და რესტორნებში.
ერთი კვირის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Coca-Cola ბრუნდება და თავისი სამი ბრენდის ხელახლა დარეგისტრირების მიზნით განაცახდი ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში, როსპატენტში შეიტანა. კომპანიას სავაჭრო ნიშნების Coca-Cola, Sprite და Fanta-ის დარეგისტრირება სურს.
რუსებმა მის ჩასანაცვლებლად Good Cola შექმნეს, რომელიც იყიდება ნაცნობ წითელ ქილებში და იგივე გემოთი, მაგრამ მის გვერდით ისევ იყიდება Coca-Cola.
კომპანია Multon Partners, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ასხამდა Coca-Cola-ს, ეკუთვნის ლონდონში დარეგისტრირებულ ცალკე კომპანიის Coca-Cola HBC-ს, რომელშიც ამერიკული კომპანია 21%-იან წილს ფლობს. Good Cola კომპანია Multon-ს ეკუთვნის.
როგორცBloomberg წერს, Coca-Cola კვლავ ხელმისაწვდომია რუსეთში, რადგან იმპორტი ხდება საქართველოდან, ყაზახეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. რადგან მოქმედი კანონი ბრენდირებული საქონლის გაყიდვის საშუალებას იძლევა, სავაჭრო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე. აღნიშნული იმპორტის წყალობით, Coca-Cola რუსეთში გამაგრილებელი სასმელების ბაზრის 6%-ს იკავებს.
კიდევ ვინ რჩება რუსეთში?
PepsiCo Inc. ასევე ამბობდა, რომ გავიდოდა რუსეთიდან, თუმცა, მალევე დაამატა ახალი სასმელი, Evervess და გაზარდა Frustyle-ის წარმოება ქვეყნის ათეულობით ქარხანაში. გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა და $2,3 მილიარდი შეადგინა. ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტების მიმართულებიდან შემოსავალი კი გაიზარდა 10%-ით.
რუსეთში დარჩნენ Unilever Plc და Nestlé SA.
დანიური ლუდის მწარმოებელ Carlsberg AS-ს და Danone SA-ს რუსეთიდან გასვლის მცდელობისას აქტივები ჩამოართვეს, თუმცა Danone საბოლოოდ დათანხმდა მათ გაყიდვას. ფრანგული სუპერმარკეტების ოპერატორი Auchan, Benetton Group და რესტორნების ქსელები Subway და TGI Fridays აგრძელებენ ფუნქციონირებას რუსეთში და არ გეგმავენ თავიანთი საქმიანობის შემცირებას.
დასავლური კომპანიები, მათ შორის, Avon Products, Air Liquide და Reckitt რუსეთში დარჩნენ. კომპანიები ამბობენ, რომ ბიუროკრატიული დაბრკოლებები შეექმნათ.
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, რუსეთში 2100-ზე მეტი საერთაშორისო კორპორაცია დარჩა, ხოლო ბაზარი დატოვა დაახლოებით 1600 კომპანიამ.