იურიდიული კომპანია BLB ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უცხოური აგენტის“ კონცეფცია ამერიკული და რუსული კანონმდებლობით დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან“.
BLB საზოგადოების ინფორმირების მიზნით სამართლებრივ განმარტებას აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების დებულებებთან დაკავშირებით:
„ამ ორი კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, ერთი, ანუ პირველი კანონპროექტი არის ქართული კანონპროექტი, ხოლო მეორე არის ამერიკული კანონპროექტის, FARA-ს სიტყვასიტყვითი ანალოგი. ამასთან, კანონპროექტის ავტორთა განმარტებებით, „უცხოური გავლენის აგენტის“ კონცეფცია ქართული ვერსიით არის უფრო რბილი და შესაბამისად მისაღები ვარიანტი, ვიდრე ამავე კონცეფციის ამერიკული ვერსია, თუმცა, მათივე განმარტებებით, „უცხოური გავლენის აგენტის“ ამერიკული ვერსია თავის თავში მოიცავს ამ ტერმინის შემოთავაზებულ ქართულ ვარიანტსაც, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. „უცხოური აგენტის“ FARA –სეული განმარტება არა თუ არ ემთხვევა ე. წ. ქართული ვერსიის „უცხოური გავლენის აგენტის“ კონცეფციას, არამედ სრულიად განსხვავდება მისგან.“
იურისტთა ჯგუფი წერს, რომ ტერმინოლოგიური მსგავსების მიუხედავად, ეს ორი კანონპროექტი და, შესაბამისად, „უცხოური აგენტის“ კონცეფცია, რომელზეც დგას ეს კანონპროექტები, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან ქაღალდზე მსგავსების მიუხედავად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგენს რუსეთში არსებული საკანონმდებლო აქტის ანალოგს, რუსული კანონმდებლობის კონცეფციების ტრანსპლანტს ქართულ სამართალში (ამავე რეგულაციების ანალოგიური კანონმდებლობა არსებობდა უნგრეთშიც, თუმცა, იგი გაუქმდა ევროკავშირის პრინციპულ რეგულაციებთან შეუთავსებლობის საფუძვლით), ხოლო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგენს ამერიკული FARA–ს კოპირების მცდელობას (ცხადია, ამ შემთხვევაში კანონპროექტის თარგმანი არ არის FARA–ს ზუსტი ანალოგი და მისი სრული ვერსია. ამ კანონის მნიშვნელოვანი კონცეფციები და სამართლებრივი ტერმინები გამოტოვებულია, ზოგიერთი რამ კი დამატებულია).“
BLB-ის იურისტთა ჯგუფის აზრით, რუსულ-ამერიკული მიდგომების ძირითადი განსხვავებები მდგომარეობს როგორც მიზნებში, ასევე რეგულირების სფეროებში – ვის ეხება, ვისზე ვრცელდება კანონი გამონაკლისების ჩათვლით; რა საქმიანობაზე ვრცელდება და როგორია ურთიერთობა პრინციპალსა“ და „აგენტს“ შორის, ანუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მონაწილეთა შორის.
რაც შეეხება მიზნებს, BLB წერს, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობის საფარქვეშ ემსახურება არაკომერციული იურიდიული პირების/არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მასობრივი ინფორმაციის, ინტერნეტ საშუალებების კონტროლს მათი დაფინანსების წყაროების საჯაროობის მოტივით; ხოლო FARA-ს მიზანია, ამერიკელი ხალხის ინფორმირება აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უცხოური მთავრობების, უცხოური პარტიების გავლენების შესახებ, რომელიც ხორციელდება ამერიკაში მათი აგენტების/წარმომადგენლების მიერ. ამ კანონით დადგენილია ამგვარი გავლენის გამჟღავნების, გასაჯაროების წესი.
„რუსული მიდგომა (რაც ასახულია ე. წ. ქართულ ვერსიაში): ე. წ. ქართული ვერსიის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება ნებისმიერი არაკომერციული იურიდიული პირი და მედია ორგანიზაცია, რომელიც ღებულობს დაფინანსების (ფულადი ან სხვა აქტივების სახით) 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან.
FARA-ს მიზანია, გახსნას, გაასაჯაროოს უცხოური პოლიტიკური გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ორგანოებზე. FARA არ მიუთითებს არაკომერციულ იურიდიულ პირებსა თუ მედია ორგანიზაციებზე, ისე, როგორც ამას აკეთებს ე. წ. ქართული ვერსია.“ – აღნიშნავს იურისტთა ჯგუფი.
სხვა მნიშვნელოვანი განსხვავების სანახავად ეწვიეთ ბმულს.