გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი Birkenstock-ის ფასი $10 მილიარდს მიაღწევს, როდესაც ის აქციებს საფონდო ბაზარზე განათავსებს, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.
ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდი თითო აქციის გაყიდვას $44-49-ად გეგმავს. ეს მისი დებიუტი იქნება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანიის მიზანია $1,6 მილიარდის მოზიდვა.
სანდლების საოჯახო ბიზნესი 1774 წლიდან არსებობს. მისი შემქმნელი იოჰანეს ბირკენსტოკი, ლანგენ–ბერგჰეიმში, გერმანიაში, მჭედლად მუშაობდა.
კომპანიის დიდ ნაწილს ამჟამად ფრანგული ფუფუნების საგნების გიგანტი LVMH ფლობს, რომელიც Tiffany & Co. და Dior-ის მფლობელია. ძმებმა კრისტიანმა და ალექს ბირკენსტოკებმა კომპანიაში მხოლოდ მცირე წილი შეინარჩუნეს.
2020-დან 2022 წლამდე Birkenstock-ის შემოსავალი 71%-ით გაიზარდა. ცხრა თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე, მისი შემოსავალი გაიზარდა 21%-ით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიაღწია $1,17 მილიარდს. ამ პერიოდში კომპანიამ $161.7 მილიონის მოგება მიიღო.
კომპანიის გაყიდვები განსაკუთრებით გაზარდა სანდლების გამოჩენამ პოპულარულ ფილმში Barbie.