BBC-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მილიარდდოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს”, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
სტატიაში საუბარია მილიარდდოლარიან თაღლითურ სქემაზე, რომელიც საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას უკავშირდება. ამ სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი არის დასახელებული.
BBC-ის ინფორმაციით, საგამოძიებო სტატიაზე მუშაობისას 152-მდე სხვადასხვა კომპანიის საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები შეისწავლეს. გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ სქემაში ჩართულები იყვნენ Milton group-ის კომპანიები.
საინვესტიციო კომპანია Milton group აფინანსებდა ესპანურ საფეხბურთო კლუბს და აქვეყნებდა რეკლამას წამყვან გაზეთებში პოტენციური მსხვერპლების ნდობის მოსაპოვებლად. Milton-ის კომპანიებს ჰქონდათ ოფისები კიევის ცენტრსა და თბილისში.
სტატიაში ნათქვამია, რომ გამოძიების პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი Milton group-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად იყვნენ მითითებულები.
BBC-მ ამ ადამიანებიდან ოთხის – ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს Panama Papers-ის დოკუმენტებშიც მიაგნო.
სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად ან წამყვან ფიგურებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა, Panama Papers-ის დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში ჩართული ფირმების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად.
„დავით კეზერაშვილი, როგორც ჩანს, ჩართულია Milton-ის თაღლითობაში. არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც აკავშირებდა კეზერაშვილს Milton-მდე არსებულ ქსელთან, მაგრამ როდესაც ჩვენ გადავხედეთ Panama Papers-ის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ გამოჩნდა.
ასევე არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული”, – წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე. მან LinkedIn-ზე გამოიყენა თავისი ანგარიში სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
გამოცემა წერს, რომ კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, ასევე ის ფირმები, რომლებიც ახორციელებდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს ოფისები პოლიციამ ნოემბერში გაჩხრიკა. ის ასევე, თბილისში ფლობს საოფისე ცენტრს, სადაც იგივე ტექნიკური ფირმაა განთავსებული.
BBC-მ შეისწავლა Milton group-ის ოთხივე დირექტორის პროფილები, მათი, საქორწილო წვეულებებისა და სხვა ღონისძიებების ფოტოები, საიდანაც გაირკვა, რომ მათ ყველას მჭიდრო კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან. კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია Milton group-ის თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი მთავარი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.
BBC თვალყურს ადევნებდა კეზერაშვილს ლონდონის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლესთან. გამომძიებელ ჟურნალისტებს მასთან გასაუბრება სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს.
BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უარყო კავშირი Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების მიღება.