საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იაფფასიანი სარეცხი საშუალებების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. მათ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ედებათ ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში, მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს აფასოებდნენ ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – ARIEL-ის, ABC-ის, TIDE-ის, PERSIL-ის, BINGO-ს, OMO-ს, AMO-ს და SAVEX-ის სასაქონლო ნიშნის შეფუთვებში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება.
საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.