Apple-მა ორშაბათს ახალი პროდუქტი –ყურსასმენი სახელად Vision Pro წარადგინა.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა Vision Pro-ს უწოდა „რევოლუციური პროდუქტი“, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მომხმარებლების ურთიერთობა ტექნოლოგიებთან, ერთმანეთთან და მათ გარშემო არსებულ სამყაროსთან.
ყურსასმენი ჰგავს სათხილამურო სათვალეს და ვირტუალური სურათების რეალური ცოცხალი ვიდეოებით გადაფარვის საშუალებას იძლევა.
Vision Pro-ს ფასი $3,499-დან იწყება, რაც 3-ჯერ მაღალია Meta-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ყურსასმენებზე, რომელიც ამჟამად შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობების ხაზის ლიდერია.
Apple-ის ყურსასმენების გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში დაიწყება, სხვა ქვეყნებში კი მოგვიანებით, 2024 წელს გამოჩნდება.
Apple-ის ინფორმაციით, Vision Pro-ს აქვს iOS-ის მსგავსი ინტერფეისი, ასევე, კამერები და სენსორები, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, გააკონტროლონ ის ხელებით, თვალების მოძრაობებითა და Siri-ით.
ასევე, მათ შეუძლიათ გამოიყენონ სამგანზომილებიანი კამერა და მიკროფონის სისტემა ვიდეოებისა და სურათების გადასაღებად, რომლის ნახვა შემდეგ 3D-ში შეიძლება.
Vision Pro-ს გარე ეკრანი ბნელდება, როდესაც მომხმარებელი სრულად არის ჩაძირული ვირტუალურ სამყაროში. ხოლო როდესაც მას ვინმე მიუახლოვდება, ეკრანზე გამოჩნდება თვალები და ყურსასმენი მათ ერთმანეთის დანახვის საშუალებას მისცემს.
„არასდროს ხარ იზოლირებული შენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისინი, და ისინი გხედავენ თქვენ”, – ამბობს Apple-ის ინტერფეისის ხელმძღვანელი ალან დაი.
ყურსასმენი იყენებს ახალ ჩიპს – R1-ს, რომელიც სენსორებიდან ინფორმაციის სწრაფად დასამუშავებლადაა შექმნილი.
Apple აცხადებს, რომ ის მუშაობს Adobe-თან და Microsoft-თან, რათა მათი აპლიკაციები ახალ ყურსასმენზე განათავსოს.