Apple-მა 12 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა ტელეფონების ახალი მოდელები – iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max. პრეზენტაცია Apple-ის ვებსაიტზე გადაიცემოდა.
პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო ახალ მოდელებზე USB-C კონექტორი. ის ჩაანაცვლებს Lightning-ს, რომელსაც ადრე Apple იყენებდა ტელეფონებში. USB-C ექნება ზოგიერთ სხვა აქსესუარსაც, მათ შორის AirPods Pro 2 ყურსასმენებს.
iPhone 15 და 15 Plus მოდელებს ექნებათ Dynamic Island, რომელიც ადრე მხოლოდ iPhone-ის პრომო მოდელებში იყო ხელმისაწვდომი. ტელეფონებს ასევე ექნებათ მეორე თაობის Ultra Wideband ჩიპი, რომლითაც შეუძლია, 3-ჯერ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს დისტანციურ მოწყობილობებს.
iPhone 15 და 15 Plus-ის უკანა ზედაპირი მქრქალია. ტელეფონების მთავარი კამერის გარჩევადობა 48 მეგაპიქსელია. iPhone 15-ის ეკრანის დიაგონალი არის 15,5 სანტიმეტრი, ხოლო 15 Plus-ის – 17 სანტიმეტრი.
iPhone 15 Pro და 15 Max დამზადებულია ტიტანისგან, რაც ამ მოდელებს iPhone-ების ყველაზე მსუბუქ პრო ვერსიებად აქცევს. iPhone 15 Pro-ს არ ექნება ფიზიკური ღილაკი ხმის რეჟიმების გადართვისთვის, სამაგიეროდ ექნება სპეციალური მოქმედების ღილაკი.
iPhone 15-ის ფასი $799-დან, 15 Plus-ის – $899-დან, 15 Pro-ის – $999-დან, ხოლო 15 Pro Max-ის ფასი იწყება $1,199-დან.
iPhone-ის ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთები 15 სექტემბრიდან, გაყიდვები კი 22 სექტემბერს დაიწყება.