სკანდინავიურმა კომპანიებმა კონტრაქტების გაწყვეტა დაიწყეს ამერიკულ Mondelez International-თან, რომელიც აწარმოებს საკონდიტრო პროდუქტებს ბრენდებით Oreo, Alpen Gold, Milka, Toblerone, Yubileinoye, რუსული ბაზრის დატოვებაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ Reuters წერს.
ბოიკოტს შეუერთდნენ კომპანიები SAS და ავიაკომპანია Norwegian Air, SJ railway group, Strawberry-ის სასტუმროების ქსელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო ქსელი Elkjop, გადამზიდავი კომპანია Fjord Line, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია და სხვა ორგანიზაციები.
ამერიკული კორპორაცია ფართოდ იყო წარმოდგენილი ნორვეგიისა და შვედეთის ბაზარზე, ადგილობრივი შოკოლადის მწარმოებლების – Freia-ს და Marabou-ს მეშვეობით.
კომპანია ირწმუნება, რომ ნორვეგიაში არ ყიდის რუსული წარმოების პროდუქციას და განაცხადა, რომ აპირებს შეხვდეს ნორვეგიის შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს თავისი პოზიციის ასახსნელად.
სკანდინავიურმა კომპანიებმა Mondelez-ის პროდუქციის გაყიდვაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკული კომპანია „ომის სპონსორად” დაასახელა.
Mondelez International რუსეთში 1994 წელს შევიდა. 2013 წლიდან კომპანია რუსეთის ბაზარზე მისი შვილობილი კომპანია Mondelis Rus-ით არის წარმოდგენილი. რუსეთში კომპანიას სამი ქარხანა აქვს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, Mondelez International-მა განაცხადა, რომ წყვეტს სარეკლამო პროექტებს რუსეთში და უარს ამბობს ქვეყანაში ინვესტირებაზე.