Airbnb-მა მასპინძლებს(ჰოსთებს), ვისაც ბინაში შიდა უსაფრთხოების კამერები აქვს დამონტაჟებული, 30 აპრილამდე მათი მოხსნა მოსთხოვა.
ბინების გაქირავების პლატფორმა ამ დრომდე მასპინძლებს უფლებას აძლევდა, საერთო სივრცეში შიდა უსაფრთხოების კამერები ჰქონოდათ. Airbnb-ის პირობების თანახმად, მოწყობილობების შესახებ მითითებული უნდა ყოფილიყო ჩამონათვალში და თვალსაჩინო ადგილებში უნდა ყოფილიყო განთავსებული. შიდა კამერების დამონტაჟება აკრძალული იყო საძინებელ ადგილებსა და აბაზანაში.
შიდა უსაფრთხოების კამერების გამოყენება დიდი ხანია მოგზაურების უკმაყოფილებას იწვევს. კომპანია ამბობს, რომ ახალი პოლიტიკა სტუმრებთან, მასპინძლებთან და ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიმუშავეს.
Airbnb აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე განთავსებული ბინების უმრავლესობას უსაფრთხოების კამერა არ აქვს, შესაბამისად, ცვლილება გავლენას ჰოსთების მცირე რაოდენობაზე მოახდენს.
ახალი წესის დარღვევა მასპინძელს შესაძლოა პლატფორმაზე ანგარიშის წაშლად დაუჯდეს.
კომპანიის განმარტებით, ცვლილება არ შეეხება გარე უსაფრთხოების კამერებს, თუმცა, ჰოსთებმა მათი ადგილმდებარეობის შესახებ სტუმრებს ბინის დაჯავშნამდე უნდა შეატყობინონ.