ნებართვების ახალი სქემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება
დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსებზე ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა. ხოლო 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ნებართვების გაცემის ახალი წესი, რომლის თანახმად, უვადო ნებართვები მხოლოდ ერთჯერადად გაიცემა. აღნიშნული ნებართვების გაყიდვა, ყიდვა, იჯარით გაცემა ნებართვის მფლობელს თავად შეეძლება. ეს ნებართვები მოქალაქეებს საკუთრებაში მუდმივად დარჩებათ და შემდეგ შეეძლებათ გადაწყვიტონ, თვითონ გააგრძელონ მუშაობა, ნებართვა იჯარით გადასცენ სხვას, თუ გაყიდონ.
მძღოლები, რომლებმაც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს.
თბილისის მერია A კატეგორიის ნებართვას ახალი სისტემით გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით.
ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.
A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელი დარჩება. კერძოდ, ერთწლიანი ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს. ელექტრომობილებისთვის 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნებართვა უფასოა.
გადასახადი დღიურად გადანაწილდება. კერძოდ, სტანდარტული საფასური ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარია. ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახადი, დღეში 0,13 ლარია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი, საფასური დღეში 3 ლარია.
რეფორმა A კატეგორიის მძღოლებისთვის არ ითვალისწინებს რაიმე დამატებითი გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარიც.
რაც შეეხება B კატეგორიას, მასთან დაკავშირებული ნებართვები უცვლელი დარჩება.
შეგახსენებთ, A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იღებს.