პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადეს.
კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე კი ლიცენზია გახდება უვადო გახდება და ის მფლობელის საკუთრება იქნება.
„ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლებათ, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში, ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
სპეციალური ვიდეოგზამკვლევი – ინსტრუქცია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. ამასთან, ვიცე-მერის თქმით, დღემდე არსებული A კატეგორიის ნებართვები ვადას ინარჩუნებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, ყველა წესი რჩება უცვლელი.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეეძლებათ.