22 მაისიდან A კატეგორიის ტაქსებზე სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყო.
სტიკერების მიღება მსურველებს მუნიციპალურ სერვისცენტრებში შეუძლიათ
„სტიკერები დაურიგდება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, 1-ელი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრობის ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციური სერვისიც 22 მაისიდან ამოქმედდა.
„ეს ინოვაციური სერვისი კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, – აღნიშნა მერმა.