საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) 10.1% შეადგინა.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა ანგარიშზე განთავსებულ საპენსიო შენატანებს წლიურად 11,1% სარგებელი ერიცხება. მაგრამ ინფლაციამ დანაზოგებზე დარიცხული სარგებლის დიდი ნაწილი გააქრო.
საპენსიო დანაზოგებს ინფლაცია „ჭამს”
საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების თავმოყრა 2019 წლიდან დაიწყო. იმ დროს ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 2%-ის ფარგლებში იყო. შემდეგ ფასებმა თანდათან ზრდა დაიწყო და ოფიციალურმა ინფლაციამ 2021 წელს 13,9%-ს მიაღწია. 11,1%-ზე მაღალი ინფლაცია 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდა. საერთო ჯამში, საპენსიო სააგენტოს სარგებელი, წელიწადზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთლიანად იკარგებოდა.
კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ საპენსიო შენატანების შემოსავლიანობა ინფლაციაზე მეტი უნდა იყოს. ანუ დარიცხულ სარგებელსა და ინფლაციას შორის სხვაობა უნდა იყოს დადებითი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში კანონი ირღვეოდა.
შემდგომ პერიოდშიც ქვეყანაში ფასების დონე საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო, მაგალითად, 2023 წლის იანვარში 8,1%-ს შეადგენდა, რაც ბუნებრივია, შენატანებს დარიცხულ პროცენტს დიდ წილს ართმევდა.
სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.63 მლრდ ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 მილიონ 405 ათასი ადამიანი. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა. მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.
გვექნება თუ არა პენსია
რა თანხას მიიღებენ მოქალაქეები, როცა საპენსიო ასაკი დაუდგებათ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი იქნება ინფლაცია ამ პერიოდის განმავლობაში და სად დააბანდებენ მათ ფულს.
მალე საპენსიო სააგენტოს უფლება ექნება, საპენსიო დანაზოგები საინვესტიციო ფონდებში დააბანდოს. მთავრობას ამ ცვლილებით საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ჩადება სურს.
აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, საკუთარი დანაზოგი რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდონ – საშუალოსა თუ მაღალრისკიანში.
ამჟამად, სააგენტოს საპენსიო დანაზოგების 45% ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში აქვს ჩადებული. 18% სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული, 18% – საერთაშორისო კომპანიების აქციებში (უცხოურ ვალუტაში), 16% – სარგებლიან ანგარიშებზე, დანარჩენი – ვადიან დეპოზიტებზე, ევროობლიგაციებსა და კორპორაციულ ობლიგაციებში. მცირე ნაწილი კი თიბისი ლიზინგის ობლიგაციებში ჩაიდო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს საპენსიო სააგენტოდან გამოთხოვიული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 15 ათას ლარს შეადგენდა. მთლიანად სააგენტოში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების თანხა (პრემია-დანამატის გამოკლებით) კი წელიწადში 1,6 მილიონს აღემატებოდა.