2023-2029 წლებში თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე გამოყო €55.6 მილიონი, აქედან €50.6 მილიონი სესხია, ხოლო €5 მილიონი გრანტი იქნება.
თბილისის მერის თქმით, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის 3 ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას.
ასევე, შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელები. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები.
„სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება 2 ლიფტი პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად.
„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები, უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. მოხდება მეტროს სასწავლო ცენტრის გადაიარაღება. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მომსახურების შესყიდვაში EBRD-თან კონსულტაციით შერჩეული კონსულტანტი დაეხმარება.