ბიძინა ივანიშვილი, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითობასთან ერთად, გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის მშენებლობაში მის მიერ ჩადებული ფულის მითვისებასაც ედავება.
ამის თაობაზე ივანიშვილის ადვოკატის – თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც ირკვევა, ბაჩიაშვილმა მტკვარი ჰესის პროექტში, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილს თავდაპირველ ღირებულებაზე $100 მილიონით მეტი თანხა ჩაადებინა, რაც, სავარაუდოდ, გაფლანგა ან მითვისა.
წიქვაძე წერს: „2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო.
აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით, თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.
პროექტის მშენებლობას ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $131 მილიონს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით $100 მილიონით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით $235 მილიონამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად, პროექტი დღემდე დასრულებული არ არის.
აღნიშნული სავარაუდოდ, განპირობებულია, ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში.
ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა”.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, სწორედ მტკვარი ჰესთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მაინინგთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა.
54 მეგავატი სიმძლავრის მტკვარი ჰესი სამცხე-ჯავახეთში შენდება. დასრულების ვადად თანაინვესტირების ფონდს 2024 წელი აქვს მითითებული.
გაეცანით ადვოკატის განცხადებას.