კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა. განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მოხდება.
კომისიას აუქციონზე გამოაქვს 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლები. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.
5G ტექნოლოგიის პლუსები
5G უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგიაა, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და შეამცირებს დაყოვნებას.
ამასთან, ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
რა ვალდებულება აქვთ მობილურ კომპანიებს
როგორც კომისია განმარტავს, ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, საკუთარ ქსელზე დაუშვან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – MVNO. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.
ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი – 2 656 700 ლარი.
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან, 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში.
2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.
გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.
ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, გაეზარდათ 5G-ისთვის ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობდა ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს.
5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური Ernst & Young-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეუძლია.