თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2.5 მილიონი ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.
გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესის დასრულებამდე აეკრძალა ქვეყნის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. მას ჩამოერთმევა საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტები.
მოსამართლემ ბრალის დადგენილების გაცნობის დროს განმარტა, რომ ბაჩიაშვილის ბიზნესში ერთ-ერთი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.
ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ არის პროცესზე, რადგან კრიპტოვალუტის მოძრაობა არის ბიზნესი.
„საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს იყოს აღქმული რაიმე კრიმინალად ან ფულის გათეთრებად. თუ ბიზნესი, სტარტაპებში ინვესტირება არის კრიმინალი და ფულის გათეთრება, მაშინ არ ვიცი, საერთოდ, რაზე გვაქვს საუბარი”, – თქვა პროცესზე ბაჩიაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ საქართველოში სამი კვირის წინ ჩამოვიდა და მას ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის – ლევან მახარაშვილის თქმით, ის, რომ ბაჩიაშვილმა ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. ადვოკატმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ რეალურად საუბარია სესხზე, რომელიც უკვე გადახდილია.
„საქმეში წარმოდგენილი არის საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც უტყუარად, წერილობით დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო 5 მილიონი, ხოლო, ერთი წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც ეს 5 მილიონი, ასევე, პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა დღეს დაცვის მხარეს გვიწევს მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი არ ჰყოლია”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ინვესტიციის განხორციელება ორივეს – როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის მხრიდან მოხდა სესხის სახით, რაც დოკუმენტურად დასტურდება.
„ძალიან მარტივად დათვლადია, რა პროპორციულობით იყო გამომუშავებული ბიტკოინებიდან გამომდინარე და განხორციელებული ინვესტიციიდან გამომდინარე. ბრალდებული არ აღიარებს, მაგრამ უამრავი მოწმის მიერ მითითებული ინფორმაციაა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არის დოკუმენტებში დაფიქსირებული პოზიცია”, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 დეკემბერს დაინიშნა.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი ბაჩიაშვილს $39 215 820 კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.