ექსპლუატაციაში მიღების ვადა დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობებებისთვის, რომლებსაც ავტოსადგომების რაოდენობის, სიმაღლის რეგულირებისა და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით დარღვევები აქვთ, 27 ივლისს ამოიწურება.
ამ შენობებში მცხოვრებლებმა შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას უნდა მიმართონ.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამნისტია ეხება შენობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, მისივე თქმით, 2 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, ექსპლუატაციის სტატუსი 400-მდე შენობას მიენიჭა და 700-მდე ობიექტის საქმე ახლაც განიხილება.
„ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ შენობებში, რომლებიც ექსპლუატიაცაში არ იყო მიღებული. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო უკანონო მშენებლობა იმ მიზნით, რომ კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ, ასევე, გადამეტებული k1 და k2 კოეფიციენტები, ნებართვისაგან განსხვავებული პროექტით მშენებლობა და ა.შ.
ქონებას მშენებარე ობიექტის სტატუსი ჰქონდა, რაც იურიდიულად სრულფასოვანი მფლობელობის უფლებას მათ არ აძლევდა. ასევე, იქ მცხოვრები ადამიანები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ამ ამხანაგობების განვითარებისთვის არსებული პროექტებით ვერ სარგებლობენ…
ახლა შესაძლებელი გახდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღონ ისეთი შენობებიც, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა აქვს რაღაც დარღვევები”, – განაცხადა კალაძემ.
ასევე მან დააზუსტა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ.
„მერიაში განცხადებების წარმოსადგენად ადამიანებს 2 წელი ჰქონდათ. მიმდინარე თვის 27 რიცხვში ეს ვადა იწურება და მათ, ვისაც ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია, შეუძლიათ შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტები და მოგვმართონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.