ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ტერიტორია ისტორიულად საჩოგბურთო კორტებს ეკავა. 2021 წელს მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა. პროექტი 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა.
კალაძის თქმით, მესაკუთრეს აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას.
მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, თუმცა, ქალაქის მთავრობამ გამოისყიდა.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ დაგეგმილი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ტერიტორია გამოვისყიდეთ, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მერიას და ის მოსახლეობას დაუბრუნდა“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კორტების მშენებლობა 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.