2022 წლის მარტიდან, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, შვეიცარიულმა ქარხნებმა რუსეთიდან გადასამუშავებლად 75 ტონა ოქრო მიიღეს.
ოქრო შვეიცარიაში ლონდონის გავლით არის შეტანილი. რუსებმა სანქციებს თავი ამგვარად აარიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიულმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა.
შვეიცარიის ქარხნებში, სადაც ოქროს დახვეწა ხდება, 2021 წლიდან 110 ტონა ოქრო მიიღეს, რაც $6,6 მილიარდზე მეტი ღირებულებისაა. ხოლო 2022 წლის მარტში შვეიცარიაში 75 ტონა ოქრო გადამუშავდა.
თუ ომამდე შვეიცარიაში წელიწადში საშუალოდ 20 ტონა რუსული ოქრო შემოჰქონდათ, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ხუთ თვეში ლონდონის გავლით შვეიცარიაში 38 ტონა რუსული ოქრო შევიდა.
ანალოგიურად, ბოლო წლებში გაიზარდა რუსული ოქროს ექსპორტი დიდ ბრიტანეთში.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი შვეიცარიაში ოქროს გაყიდვებიდან მიღებულ ფულს სავარაუდოდ, ომისთვის იყენებს.
შვეიცარიის ქარხნები აცხადებენ, რომ ოქრო ბრიტანეთში უკრაინაში შეჭრამდე და სანქციების დაწესებამდე იყო შეტანილი.
2022 წლის აგვისტოდან შვეიცარიამ აკრძალა რუსეთიდან ოქროს შეძენა, იმპორტი ან ტრანსპორტირება. ქვეყნის საბაჟო სამსახური აცხადებს, რომ რუსული წარმოშობის ოქროს იმპორტი არ არღვევს სანქციებსა და კანონმდებლობას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს შვეიცარიიდან რუსეთში ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.