Georgian Airways, რომელმაც რუსეთში ფრენები განაახლა, და მისი დირექტორი თამაზ გაიაშვილი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში მოხვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულება, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, დღეს 1-ელ ივლისს გამოქვეყნდა.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაყადაღებას და სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას. ასევე, მას აეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტი, ფრენებისა და ტრანსპორტირების განხორციელება.
სანქციები ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიისთვის ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას; ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას და ა.შ.
სანქციების ქვეშ მოექცევა კომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილი, რომელიც ასევე არის შპს პილოტის მფლობელი და სომხური ავიახაზების (Air Dilijans) დამფუძნებელი.
საუბარი იყო თამაზ გაიაშვილის ძმის –დავით გაიაშვილის შესახებაც, რომელიც კომპანიის 80%-იან წილს ფლობს. მაგრამ ის სანქციების სიაში ჯერ არ შეუყვანიათ.
სანქციები დაწესებულია 10 წლით.
Georgian Airways-მა 20 მაისს, 4 წლის შემდეგ, რუსეთში პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
საქართველოს მმართველი პარტია და მთავრობა მიესალმა რუსეთთან საჰაერო კავშირების აღდგენას, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას Georgian Airways-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა. კომპანიამ, თავის მხრივ, პრეზიდენტს მისი კომპანიით ფრენა აუკრძალა.
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირმაც უარყოფითი პოზიცია გამოხატა.