კომუნიკაციების კომისიამ (ComCom), მობილური ოპერატორებისთვის მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 1 წლით გაახანგრძლივა.
MVNO, ანუ ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია, ჩვეულებრივი მობილური კომპანიის მსგავს მომსახურებას სთავაზობს ბაზარს, თუმცა, მას საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია.
მათ მომსახურება რომ შეძლონ, საბითუმო ბაზარზე მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა საკუთარ ქსელებზე სრული დაშვების უფლება უნდა მისცენ კომისიის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად.
ვირტუალური ოპერატორის დაშვება დიდ მობილურ კომპანიებს არ სურთ. ისინი შიშობენ, რომ კონკურენტის გამოჩენით მომხმარებლების ნაწილს დაკარგავენ.
2019 წელს ComCom-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზარზე მაგთიკომს, სილქნეტსა და ვიონი საქართველოს (სელფი მობაილი), MVNO-ს ქსელთან დაშვების ვალდებულება დაკისრებოდათ. თუმცა, პროცესი დროში გაჭიანურდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
კომუნიკაციების კომისიამ მობილურ კომპანიებს MVNO-სთვის შეთავაზების გამოქვეყნების ვადად 2023 წლის 30 ივნისი განუსაზღვრა.
კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა ჰალლო-მ, თუმცა, დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა და შეთანხმება ვერ შედგა.
კომისიამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნია, დაჰკვირვებოდა ქსელის მფლობელ ოპერატორებს.
2022 წელს, ComCom-მა ევროკავშირის დაფინანსებით, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა მიზნად ისახავს ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების გამოვლენასა და ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენციის შეფასებას.
კვლევის შედეგების საფუძველზე დადგინდება შესაბამისი რეგულირებადი ბაზრები, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომლებსაც დაეკისრებათ სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისიის განმარტებით, ამ ცვლილებების შედეგად, ერთი მხრივ, გაიზრდება სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მიეცემა შესაძლებლობა, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი, საკუთარი ქსელის შესაძლებლობების ათვისებას შეძლებენ.
კომისიის განმარტებით, რადგან კვლევის დასრულება მიმდინარე წელს ვერ მოესწრება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულების ამოქმედება 2024 წლის 30 ივნისამდე გადავადდეს.