სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ რუსეთს სურს, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია „თავისი სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად“.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სანქციების საკითხებში ო’სალივანმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნესსექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები დღის ბოლოს, პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
„ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსული”, – თქვა კუმარ აიერმა პრესკონფერენციაზე.
ო’სალივანის თქმით, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი 38 დასახელების ელექტრონული მოწყობილობის კონტროლს შეეხებოდა. კონკრეტულად, მიკროჩიპებსა და სხვა მოწყობილობებს, რომლებსაც რუსეთი იარაღის წარმოებისთვის იყენებს.
სანქციების კოორდინატორების თქმით, სანქციების შედეგია ის, რომ რუსეთს 45%-ით შეუმცირდა ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები და ფრონტზე უკვე იმ დასავლური პროდუქციის დეფიციტი შეექმნა, რაც სამხედრო ტექნიკისა და იარაღისთვის არის საჭირო.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად და მხარდასაჭერად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მანამდე ო’სალივანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი იძიებენ ექსპორტის ზრდას რუსეთის მეზობლებში, რადგან ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ზოგიერთი მათგანი რუსეთში აღმოჩნდება სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
ო’სალივანის თქმით, ისინი იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველო უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
„იმედგაცრუებული ვართ, რომ ის (საქართველო) არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. თუმცა, ჩვენ გვესმის ქვეყანაში არსებული ვითარება, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან გაქვთ… თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორ დღეში ნანახმა იმაში დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის”, – აღნიშნა ო’სალივანმა.
სანქციების კოორდინატორები იმავე საკითხების მონიტორინგისთვის საქართველოდან სომხეთში გაემგზავრნენ.