Galt&Taggart-ის ეკონომისტებმა საქართველოს ხორცის წარმოების სექტორი შეისწავლეს და ის პრობლემები დაასახელეს, რაც ამ ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს. ამავე დროს, მათ დაასახელეს ის ფაქტორები, რაც წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.
რა პრობლემები აქვს ხორცის წარმოებას საქართველოში
-
დაბალი კორპორატიზაცია: ხორცის პირველადი წარმოების ძირითადი წყარო კვლავ შინამეურნეობებია, რის გამოც დაბალია ეფექტიანობა.
-
ვეტერინარების დეფიციტი: გამოცდილი ვეტერინარების რაოდენობა შეზღუდულია. ცხოველთა ავადობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მეცხოველეობის სფეროში. შესაბამისად, კვალიფიციური ვეტერინარები, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და დროული რეაგირება მეცხოველეობის ფერმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
-
ცოდნის დეფიციტი/ფინანსებზე ხელმისაწვდომობა: ფერმერული საქმიანობის დაწყება და გამსხვილება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს ცოდნას, გამოცდილებას და ფინანსურ რესურსებს.
-
დისტრიბუცია და დასაწყობება: დარგში კვლავ გამოწვევად რჩება, რაც საწარმოთა მცირე ზომითაც შეიძლება აიხსნას.
რა შესაძლებლობები აქვს ხორცის წარმოების სექტორს
-
მოთხოვნის ზრდა: ხორცის მოხმარება მზარდია, როგორც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდის, ისე ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ. ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ფრინველის ხორცზეა მოსალოდნელი, გლობალური ტენდენციების შესაბამისად.
-
საწარმოთა გამსხვილება: ხორცის პირველად წარმოებაში მაღალია ახალი საწარმოების გაჩენის და გაფართოების პოტენციალი. ამ ეტაპზე მსხვილი საწარმოები ძირითადად ფრინველის ხორცის წარმოებაში გვხვდება, ხოლო სხვა მიმართულებით უმეტესწილად მცირე ფერმერები არიან ბაზარზე.
-
ვერტიკალური ინტეგრაცია: საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის საკუთარი საწარმოო ან სადისტრიბუციო ხაზის შექმნა შესაძლოა გაფართოების კარგი გზა იყოს.
-
ლოგისტიკა: საწყობებისთვის, სამაცივრე მეურნეობებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ხორცის პირველადი მწარმოებლები პოტენციურ კლიენტებს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით ზრდის პერსპექტივა მაღალია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხორცის წარმოება საშუალოდ წელიწადში 2.4%-ით გაიზარდა 2017-22 წლებში და 2022 წელს 74.6 მლნ კგ-ს მიაღწია.