გაზრდილი მოთხოვნასა და მზარდი ყოველწლიური საფასურის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლების ჯამური შემოსავალი 2023 წლის ბოლოსთვის, 255 მილიონი ლარი (ზრდა – 17.5%) იქნება, – ასეთია TBC Capital-ის ეკონომისტების შეფასება განათლების სექტორის კვლევის შემდეგ.
2024 წელს კი მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლების ჯამური შემოსავალი 300 მილიონ ლარს მიუახლოვდება (ზრდა – 17%).
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო სკოლებთან შედარებით, მზარდია.
გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთ კერძო სკოლაში სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა. მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ, მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა კერძო სკოლებში.
კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლების პერიოდში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ შესაბამის პერიოდში ბაზარზე კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა არ გაზრდილა, აქედან გამომდინარე, მეტად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ზრდა მეტწილად გამოწვეული უნდა იყოს მზარდი ყოველწლიური საფასურით.