საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10.50%-ზე ტოვებს.
ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დაეყრდნო სამომხმარებლო ფასების მიმდინარე ტენდენციას და მიიჩნია, რომ ის კვლავაც მაღალი რჩება და კლების ტემპიც მცირეა.
კომიტეტის განმარტებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5%-მდე (აპრილში – 2.7), ხოლო საბაზო – 3.9%-მდე(აპრილში – 4.7) შემცირდა.
ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა, ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია (მაისში 9.1%).
სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ერთეულზე გაწეულმა ხარჯმა, წინა კვარტალთან შედარებით, მცირედ დაიკლო, ის მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ეს კი საშუალო ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად ზრდის ასახვაა და შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გარდა ამისა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება.
ამავდროულად, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია და 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ია, რაც მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.