შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულად შეამოწმა წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ნუტრიენტების შემცველობა და მაჩვენებლები ნორმას შეესაბამება.
უკრაინაში, კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, შავ ზღვაში დიდი ოდენობის მტკნარი წყლის ნაკადი შევიდა, შესაბამისად, გაჩნდა წყლის პესტიციდებით და სხვა საშიში ნივთიერებებით დაბინძურების საფრთხე.
„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ნუტრიენტების შემცველობა. 2020 წლიდან, წელიწადში ერთხელ, ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.
ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიკური დამაბინძურებლები. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.