კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ მაღაროელებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობებზე გადასვლას აპროტესტებენ, მოლაპარაკების შეხვედრა გაიმართა მედიატორის მონაწილეობით.
კომპანია აცხადებს, რომ დათანხმდა თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტს, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებს, განაახლონ მუშაობა და შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.
კომპანია აცხადებს, რომ თანახმაა, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება და გააგრძელოს მედიაციის პროცესი.
ასევე, კომპანია სთავაზობს ჯორჯიან მანგანეზის ყველა თანამშრომელს, მათ, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს. ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60%.
კომპანია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა 3 382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
ჯორჯიან მანგანეზის განმარტებით, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისიდან ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო.
უკვე წლებია, 2 662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.
შეცვლილი სამუშო პირობა გულისხმობს ორცვლიანი, 12- საათიანი სამუშაო პირობებიდან სამცვლიან, 8-საათიან სამუშაოზე გადასვლას.
კომპანიის ინფორმაციით, უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათების ხანგრძლივობა.