პირველი ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა.
ამჟამად კომერციული სუროგაცია აკრძალულია კანადაში, დანიაში, ახალ ზელანდიაში, ბრაზილიაში, ბრიტანეთში და ავსტრალიაში, მაგრამ ყველა ეს ქვეყანა ნებას რთავს ალტრუისტულ სუროგაციას.
-
ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, ტაივანი და ესპანეთი კრძალავენ სუროგაციის ყველა ფორმას.
-
შეერთებულ შტატებში არ არსებობს სუროგაციის შესახებ კანონმდებლობა ფედერალურ დონეზე და ზოგიერთ შტატში ნებადართულია კომერციული სუროგაცია.
-
უკრაინა რუსეთთან ომამდე საერთაშორისო სუროგაციის ცენტრი იყო, სადაც ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იბადებოდა. ზოგიერთი შეფასებით, ბევრი მათგანი უცხოეთში წაიყვანეს. Reuters იტყობინება, რომ როდესაც ომი დაიწყო, უცხოელი წყვილების ნაწილმა შვილების წაყვანა მოახერხა, მაგრამ ზოგს ექთნები იმპროვიზებულ კლინიკაში უვლიდნენ.
-
სუროგაცია რუსეთში 2023 წლამდე ნებადართული იყო. მაგრამ კომერციული მიზნით ბავშვების დაბადებას რელიგიური ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ. 2022 წლის დეკემბერში რუსეთში უცხოელებს რუსი სუროგატი დედების გამოყენება აეკრძალათ.
-
კოლუმბიაში დაშვებულია კომერციული სუროგაცია, მაგრამ არსებობს რამდენიმე რეგულაცია, რომელიც განსაზღვრულ შეზღუდვებს აწესებს.
-
კომერციული სუროგაცია ტაილანდში 2015 წლამდე ყვაოდა, სანამ ქვეყანამ უცხოელებთან დაკავშირებული სკანდალური შემთხვევების გამო არ აკრძალა. ერთ-ერთი ფაქტი ეხებოდა ავსტრალიელ წყვილს, რომლებიც დაადანაშაულეს დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის მიტოვებაში.
-
საქართველო ასევე იყო სუროგაციის ტურიზმის პოპულარული ადგილი, თუმცა, კომერციული სუროგაცია ლეგალურად ხელმისაწვდომია მხოლოდ ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის. საქართველოს კანონმდებლობა სუროგატ დედებს მშობლად არ ცნობს.
სუროგაციის პირობები საქართველოში
საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციის გზით 2007 წელს დაიბადა. სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან კანონმდებლობა არეგულირებს.
საქართველოში მხოლოდ გესტაციური და ალტრუისტული სუროგაციაა დასაშვები. გესტაციური სუროგაციის დროს, სუროგატ დედას არ აქვს გენეტიკური კავშირი ბავშვთან. კვერცხუჯრედი პოტენციურ დედას ან დონორს ეკუთვნის, ან პროცედურაში გამოყენებულია პოტენციური მამის ან დონორის სპერმა. ალტრუისტული სუროგაციისას, სუროგატი დედა ბავშვს უანგაროდ აჩენს.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით, სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვის მშობლებად ითვლება მხოლოდ წყვილი, ვისთანაც სუროგატ დედას გაფორმებული აქვს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება.
კანონით, სუროგაცია ნებადართულია, როდესაც არსებობს გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი ან ვთქვათ, ქალს არ აქვს საშვილოსნო. საქართველოში სუროგაციის ათეულობით სააგენტო არსებობს, რომლებიც ეძებენ სუროგატ დედებს და მათ უშვილო წყვილებთან აკავშირებენ.
დღეს სუროგატი დედის ანაზღაურება საქართველოში დაახლოებით $20 ათასი ღირს.
ამ თანხაში შედის ე.წ. ორსულობის ყოველთვიური სარჩო, ტყუპების გაჩენის შემთხვევაში, სუროგატი დედა დამატებით დაახლოებით $2000-ს იღებს.
დღეს, საქართველოში სუროგაციისა და დონაციის მომხმარებლების 99% უცხოელი წყვილები არიან. რადგან აქ სუროგაცია გაცილებით იაფი ჯდება.