მესამე დღეა ჭიათურაში ათი გაფიცული მაღაროელი შიმშილობს.
სხვა მაღაროელები მე-8 დღეა გაფიცვას აგრძელებენ. ისინი სამუშაოდ არ გადიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
მაღაროელები სამედიცინო დაზღვევის, უსაფრთხოებისა და კვების პრობლემებზე საუბრობენ. ისინი რთულ სამუშაო პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ხდება.
მთავარი მოთხოვნების გარდა, გაფიცულების პირობაა:
-
2023 წლის 1-ელ თებერვლამდე არსებული გრაფიკით მუშაობაზე გადასვლა
-
ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება
-
მაღაროების ტექნიკური პირობების გაუმჯობესება
-
დაზღვევის შეცვლა
-
ულუფის გაუმჯობესება
-
დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება
-
უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
გუშინ, მაღაროების მფლობელ ჯორჯიან მანგანეზთან მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. გაფიცულებთან მივიდა ჭიათურის მერიც.
მიუხედავად ამისა, ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინიშნა მედიატორი, რომელიც მხარეების პოზიციების შეჯერებასა და ალტერნატიული გზების მოძიებაზე იმუშავებს და ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
ჯორჯიან მანგანეზი ამ ეტაპზე ხელფასების მხოლოდ 5%-ით მომატებაზე არის თანახმა. კომპანია ამბობს, რომ პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობის განახლების შემდგომ დაიწყება საუბარი.
ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობა დათმობაზე არ მიდის და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ამბობს, რომ 2023 წელს ექსპორტი კომპანიას საერთოდ არ ჰქონია, რადგან მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობების მოთხოვნა შემცირდა და ფასები დაეცა. კომპანია განმარტავს, რომ შემოსავლების შემცირების გამო, იძულებული გახდა ადმინისტრაციული ხარჯები შეემცირებინა და თანამშრომლები სამცვლიან 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაეყვანა.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობას გაგრძელებენ.
გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას გეგმავს სახალხო დამცველი, რომელიც ჭიათურაში 15 ივნისს ჩავა.