PMC საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებული ტურისტული სექტორის კვლევის მიხედვით, 2023 წლის მაისში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი, 2022 წლის მაისთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად, საოჯახო სასტუმროების ფასების წლიური ზრდით (19.4%) იყო განპირობებული.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (23.7%), ყველაზე დაბალი კი – თბილისში (2.8%).
2023 წლის აპრილთან შედარებით, ფასები გაიზარდა 12%-ით. თვიური ფასების ზრდა ყველაზე მაღალი გურიასა (36.7%) და აჭარაში (22.4%) აღმოჩნდა.
2023 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 166 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 270 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 124 ლარია.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 409 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 584 ლარი შეადგინა, თბილისში – 515 ლარი, კახეთში – 506 ლარი, ხოლო აჭარაში – 369 ლარი.