აშშ-ის ფედერალურმა მარეგულირებელმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტობირჟას – Binance-ს სასამართლოში უჩივლა.
კომპანიას ადანაშაულებენ კრიპტობირჟის უკანონოდ მოწყობასა და კლიენტებისგან მილიარდობით დოლარის მითვისებაში.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) ამტკიცებს, რომ კომპანია და მისი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო ჩართულნი არიან თაღლითობის ფართო ქსელში, ფულის გათეთრებაში, გადასახადებისგან თავის არიდებაში, არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზებასა და სხვა დარღვევებში.
კომისია ასევე ამტკიცებს, რომ მათ კლიენტების აქტივების ნაწილი ჟაოს მიერ კონტროლირებად ანგარიშზე გადაიტანეს. ჩამონათვალში სულ 13 დარღვევაზეა საუბარი.
Binance-მა მარეგულირებლის ბრალდებები უარყო და მას „გაუმართლებელი” უწოდა.
Binance აცხადებს, რომ აშშ-ის კანონებს არ ექვემდებარება, რადგან მას არ აქვს ოფისი ამერიკაში. ჟაო ამბობს, რომ კომპანიის სათავო ოფისი არის იქ, სადაც ის იმყოფება დროის კონკრეტულ მომენტში.
Binance ფულს კრიპტო ვაჭრობის საკომისიოების სახით გამოიმუშავებს. ჟაომ კომპანია ჩინეთში 2017 წელს დააარსა და მოგვიანებით აშშ-ში გადავიდა, რათა თავიდან აეცილებინა ჩინეთის მთავრობის შეტევები კრიპტოაქტივების წინააღმდეგ.