უცხოელებს ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზრდებათ. შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა ამიერიდან უცხოელების საბანკო დეპოზიტები ფინანსურ მაჩვენებლებში განსხვავებულად უნდა ასახონ.
სებ-ი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ზრდა რისკებს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის.
ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა, დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება.
აქედან გამომდინარე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა.
2023 წლის აპრილისთვის, უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული. აქედან 6.5 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებია. მათ შორის ყველაზე მეტი – 2.4 მილიარდი ლარი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, რაც მთლიანი თანხის 37%-ს შეადგენს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები თითქმის 2 მილიარდი ლარით გაიზარდა.