დღეს მარცვლეულის მწარმოებელმა ფერმერებმა წნორში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობას შარშანდელი მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ. ფერმერები ხორბლის რეალიზაციას იაფი რუსული ფქვილის გაზრდილი იმპორტის გამო ვერ ახერხებენ.
აქციის მონაწილეებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ხოხაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე მივიდნენ.
მათ ფერმერებს უთხრეს, რომ მთავრობა მათი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს და რა ფორმით შეძლებენ დახმარებას, მომავალ კვირას გაირკვევა.
ნოდარ ხოხაშვილის თქმით, მუშაობენ რუსეთიდან იმპორტისა და წისქვილების ამუშავების საკითხებზე და ეს პრობლემები ახალი მოსავლის აღებამდე მოგვარდება.
სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებამ, რომელიც კონკრეტიკას არ შეიცავდა, ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ არ სჯერათ, რომ მთავრობა ერთ კვირაში პრობლემებს მოაგვარებს. აქციის მონაწილეებმა წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ გზაზე ტომრებით მიტანილი ხორბალი დაყარეს, რომლის ნაწილიც უკვე გაფუჭებული იყო.
გზა აქციის მონაწილეებმა მალევე გახსნეს და განაცხადეს, რომ მთავრობის სხდომას დაელოდებიან და თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მორიგ აქციას სამშაბათს, 16 მაისს, სოფელ ჩალაუბანში გამართავენ.
უნდა ჰქონდეთ თუ არა ფერმერებს მთავრობის იმედი
დაპირების მიუხედავად, ფერმერებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად მიიღებენ, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება.
ამასთანავე სამინისტრომ განმარტა, რომ ისინი ახალი მოსავლის აღებისა და რეალიზაციის ღონისძიებებზე მუშაობენ. ძველი მარაგების რეალიზაციაში ფერმერების დახმარებაზე უწყება განცხადებაში არ საუბრობს.
სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალი იყო, მაგრამ ფერმერებს ფასის მატების მოლოდინი ჰქონდათ და პროდუქცია არ გაყიდეს. ახლა ხორბლის ფასი შემცირებულია, რადგან მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის სიჭარბეა.
მეხორბლე ფერმერები და რეალიზატორები პროდუქციას არ ყიდიან, იმის გამო, რომ დღეს არსებული ფასი მათთვის მისაღები არ არის.
სამინისტრო განმარტავს, რომ „საქართველოში იაფი ფქვილის იმპორტი შესაძლებელს ხდის, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს იაფი პურით და პურპროდუქტებით“. ეს განცხადება მიუთითებს, რომ რუსული იმპორტის შეზღუდვა, რაც ფერმერების და წისქვილკომბინატების მოთხოვნაა, მთავრობის გეგმაში არ შედის.