საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელიც ერთდროულად ოთხ სახელმწიფო კომპანიას ხელმძღვანელობს, მიღებულ შემოსავალს მალავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი წელია საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე დეკლარაციაში აღარ უთითებს იმ შემოსავალს, რასაც ის ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორობიდან იღებს. მანამდე, 6 წლის განმავლობაში (2015-2020) საქართველოს ფოსტაში ჩიკვაიძის წლიური შემოსავალი გასამმაგებული იყო, 36 707- დან 111 622 ლარამდე.
ლევან ჩიკვაიძე ერთდროულად არის 4 სახელმწიფო კომპანიის დირექტორი. ეს კომპანიებია: შპს საქართველოს ფოსტა; შპს ჯორჯიან კარგო; შპს საქართველოს ლატარიის კომპანია; შპს Express.
ჩიკვაიძე დეკლარაციაში ასევე არ უთითებს მასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებულ (დირექტორი ან/და წილის მფლობელი) კიდევ 6 კომპანიას: შპს რუსთავი პური, შპს მაკროენერჯი, შპს ელ სი რადიო, შპს ბოტეკ ჯორჯია, შპს ელ სი კომპანი, შპს ფუტსალის კლუბი თბილისი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიუთითებს, რომ ჩიკვაიძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია, ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში.
საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს ის ერთხელ უკვე დააჯარიმა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დამალვისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, მან შემოსავლების დამალვა კვლავ გააგრძელა.