საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, რაც გამოწვეულია ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებითა და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით. ეს, თავის მხრივ სახელმწიფო დაფინანსების ზრდით აიხსნება.
ბიუჯეტიდან დაფინანსება იზრდება, მაგრამ პაციენტი ჯიბიდან მაინც ბევრს იხდის
ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება 2014-22 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, ჯამურ დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი იმავე პერიოდში 66%-დან 51%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირსა (16%) და შესადარის ქვეყნებთან (38%) შედარებით, კვლავ მაღალია. საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ჯიბიდან გადახდების წილი 2030 წლისთვის 30%-მდე უნდა შემცირდეს.
ჰოსპიტალური სექტორი დაბალეფექტურია
საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს ათას ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება.
საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს).
პირველადი ჯანდაცვა ცუდად მუშაობს
მოთხოვნა პირველად ჯანდაცვაზე საქართველოში კვლავ დაბალია, მიუხედავად ბოლო ათწლეულში ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა. საქართველოში ამბულატორიული მიმართვების რაოდენობამ ერთ მოსახლეზე 2021 წელს 4,0 შეადგინა, რაც ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის მაჩვენებელს (7.0).
ქართველი ექიმების პროდუქტიულობა დაბალია
საქართველოში ექიმების სიჭარბეა და ექთნების დეფიციტი. თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი – 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს.
სამაგიეროდ, ჯანდაცვის სექტორი მომგებიანია
ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად). წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი – 14.6%-ს.
DRG მოდელის შემოღებასთან ერთად, მომგებიანობის ჯანსაღ დონეზე დასტაბილურებაა მოსალოდნელი.
DRG მოდელის პლუსები და რისკები
მთავრობის ინიციატივით, დაინერგა დაფინანსების ახალი მოდელი – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG), რომლის მიხედვითაც, ხარჯების ანაზღაურება დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზსა და სხვა თანმხლებ ფაქტორებზე (მაგ. ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის გართულებები, და ა.შ.).
მოსალოდნელია, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტურობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას.
DRG მოდელს თან ახლავს რისკები. ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა, შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი.