ჰოლივუდის სცენარისტები იბრძვიან, რომ ისინი რობოტებმა არ შეცვალონ, რომელთა შესახებ ბევრი მათგანი სცენარებში წერდა.
ამერიკის მწერალთა გილდია საპროტესტო აქციებს მართავს, რათა შეიზღუდოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფილმებისა და სატელევიზიო სცენარების დასაწერად.
ჰოლივუდის სტუდიები, რომლებსაც სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდათ, ცდილობენ, სტრიმინგის სერვისები მომგებიანი გახადონ, ამიტომ დათანხმდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სცენარების შესაქმნელად.
ხელოვნური ინტელექტის თემა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რის გამოც სცენარისტები ქუჩაში გამოვიდნენ, რაც15 წელია არ მომხდარა.
გაფიცვა დაიწყო ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ისეთ სტუდიებთან, როგორებიცაა Walt Disney და Netflix.
სტრიმინგის ზრდამ გამოიწვია სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების შემცირება. რადგან ტრადიციული სატელევიზიო შოუების აუდიტორია მცირდება, რეკლამის განმთავსებლებმა სხვა სივრცეების მოძიება დაიწყეს.
კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსი (AMPTP), რომელიც სტუდიების ინტერესებს წარმოადგენს, თანახმაა სცენარისტებს კომპენსაცია გაუზარდოს. თუმცა, ისინი ეწინააღმდეგებიან მოთხოვნას, რომ გადაცემები დაკომპლექტდეს სცენარისტების გარკვეული რაოდენობით, იმის მიუხედავად, ისინი საჭირო იქნებიან თუ არა.
ბოლოს სცენარისტების გაფიცვა 2007-2008 წლებში მოხდა და 100 დღე გაგრძელდა, რაც კალიფორნიის ეკონომიკას დაახლოებით $2,1 მილიარდი დაუჯდა, რადგან წარმოება დაიხურა და უმუშევარმა მწერლებმა, მსახიობებმა და პროდიუსერებმა ხარჯები შეამცირეს.