საფრანგეთში გამართულ აქციებზე, სადაც დემონსტრანტები საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ, 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 540 დაკავებულიდან ყველაზე მეტი – 305 ადამიანი საფრანგეთის დედაქალაქში – პარიზში დააპატიმრეს.
პოლიციელებსა და ჟანდარმებს შორის, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები სულ 406-მა ადამიანმა მიიღო.
პროფკავშირის ინფორმაციით, ქუჩაში 2 მილიონზე მეტი ფრანგი გამოვიდა 1-ელი მაისის ტრადიციულ აქციაზე, რომელიც წელს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული გაფიცვების მე-13 დღეს დაემთხვა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში თითქმის 800 ათასამდე პირი მონაწილეობდა.
დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა პარიზში, ლიონსა და ნანტში. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს დაუშინა ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
პარიზში, ლიონსა და ნანტში აგრესიულად განწყობილმა დემონსტრანტებმა დაწვეს ავტომანქანები და ჩაამსხვრიეს ბანკებისა და სხვა ოფისების ვიტრინები.
საფრანგეთში იანვრიდან აპროტესტებენ პრეზიდენტ მაკრონის საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.