2023 წლის ივნისიდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროპის 6 ახალი მიმართულებით იწყება. რეისები შესრულდება მადრიდის, ბრიუსელის, ჰამბურგის, ფრანკფურტის, პოზნანისა და კოპენჰაგენის მიმართულებით.
ამ მიმართულებებზე პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან ერთად განახორციელებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნება ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს, ფრენები თითო სიხშირით გაზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, როგორიცაა: პარიზი, მილანი, პრაღა და მემინგენი.
ხოლო 1-ელი დეკემბრიდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. პარალელურად, ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის პირობებში სიხშირეთა რაოდენობა გაიზრდება ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად ჩამოყალიბდება.
„მეოთხე ბაზირებული ხომალდი ნიშნავს არამხოლოდ მეტ შესაძლებლობას და მეტ მგზავრს, არამედ მეტ სამუშაო ადგილსაც. მეოთხე საჰაერო ხომალდი შექმნის 40-მდე სამუშაო ადგილს. 2023 წელი იქნება რეკორდული, რადგან წელს 1 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,“ –აღნიშნავს ქაშიბაძე.
სულ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროპის 30-მდე ქალაქის მიმართულებით ხორციელდება.