რუსეთმა „მარცვლეულის დერეფანი“ უკრაინული გემებისთვის ისევ დაბლოკა. ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.
„2023 წლის 26 აპრილს, რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ შეაჩერა „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი“.
25 აპრილს, თურქეთი-უკრაინა-რუსეთის ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში სტამბოლში, რუსეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს უკრაინის გემების გატარებაზე ჰუმანიტარული დერეფნის გასწვრივ, რომლებიც „შავი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში გადაადგილდებოდნენ,“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
ოთხმა გემმა, მათ შორის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ დაქირავებულმა ხომალდმა, რომელსაც ხორბალი ეთიოპიაში უნდა გადაეტანა, ვეღარ დატოვა ჩორნომორსკის, ოდესისა და პივდენის პორტები.
ცნობისთვის, რუსეთმა 17 აპრილსაც დაბლოკა გემების გადაადგილება თურქეთის ტერიტორიულ წყლებში „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში. მოგვიანებით უკრაინამ და თურქეთმა, გემების რეგისტრაციისა და ინსპექტირების განახლებაზე მიაღწიეს შეთანხმებას. ამჯერად დერეფანი ისევ ჩაკეტილია.
როგორც ცნობილია, დერეფნის გახსნის სანაცვლოდ, რუსეთის ულტიმატუმია სოფლის მეურნეობის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის – საბანკო ტრანზაქციებზე, ლოგისტიკასა და ფინანსური აქტივების გაყინვაზე, აგრეთვე, ამიაკის ექსპორტის აღდგენაზე ტოლიატი-ოდესას მილსადენით.