წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა მედიას.
მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს:
„გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაობი. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები. მოეწყობა გამწავნებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწისქვეშა ურნები:
„რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ. რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.“
ხიდის დასრულებას მერია ოქტომბერში გეგმავს, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.
„ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 ათასი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.