გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პარიკმახერების, ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების გაზრდილი ხარჯების გამო აკრიტიკებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის – ანალენა ბერბოკის ვიზაჟისტის მომსახურება €137 ათასზე მეტი დაჯდა. ხოლო €178 ათასი სამინისტრომ ფოტოგრაფებს გადაუხადა. ამის შესახებ გამოცემა Focus წერს.
ვიზაჟისტი კლოდ ფრომმენი ოთხ წელზე მეტია მინისტრთან მუშაობს. ის მოგზაურობის დროსაც თან ახლავს ბერბოკს და ზრუნავს მის ვარცხნილობასა და მაკიაჟზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მინისტრს ფოტო და სატელევიზიო გადაღებების დროს ყოველთვის თან ახლავს ვიზაჟისტი, „როგორც ეს დიდი ხანია მიღებულია გერმანიაში სხვა მაღალჩინოსნებისთვისაც.“
გერმანიის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სამინისტროებმა სულ ამგვარი მომსახურებისთვის თითქმის €1,5 მილიონი გადაიხადეს – 80%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ და 3-ჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ.
გერმანელები იმანაც აღაშფოთა, რომ გერმანიის კულტურის მინისტრი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ესწრებოდა და ეს მოგზაურობა გადასახადის გადამხდელებს €34 000 დაუჯდათ.