გერმანია დაეთანხმა პოლონეთს, გადასცეს უკრაინას ძველი მოდელის ხუთი გამანადგურებელი MiG-29. ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ პოლონეთისგან მოთხოვნა უწყებამ ხუთშაბათს მიიღო და ბერლინი მას იმავე დღეს დაეთანხმა.
გერმანიამ 24 ცალი MiG-29 მემკვიდრეობით მიიღო გდრ-დან 1990 წელს. იმ დროს ეს თვითმფრინავი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე გამანადგურებლად ითვლებოდა.
2004 წელს ბერლინმა 22 თვითმფრინავი გადასცა პოლონეთს. დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან ერთი, ავარიის დროს განადგურდა. ერთი კი მუზეუმშია გამოფენილი.
პოლონეთს სჭირდება ბერლინის თანხმობა, რომ დარჩენილი თვითმფრინავები მესამე ქვეყანაში გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა, რომ პოლონეთი კიევს სამხედრო თვითმფრინავებით დაეხმარება.
უკრაინას, რომელიც კონტრშეტევის დაწყებას უახლოეს კვირებში ან თვეებში აპირებს, აუცილებლად სჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები.
დასავლეთის ქვეყნები ჯერჯერობით თავს არიდებდნენ კიევში ისეთი მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას, როგორიცაა F-16. რამდენიმე ქვეყანამ გაგზავნა ძველი MiG-29, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს.