უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებს $115 მილიარდს გრძელვადიანი მხარდაჭერის სახით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს არა მხოლოდ ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ მოკავშირეები დაგვეხმარებიან იმდენ ხანს, სანამ ეს უკრაინას სრულ გამარჯვებამდე დაჭირდება”, – განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, 2023 წელს ქვეყანას $14 მილიარდი სჭირდება. უკრაინა ელოდება სახსრებს, რომ დაასრულოს აღდგენითი სამუშაოები ხუთ პრიორიტეტულ ზონაში.
მინისტრების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა გაყინული აქტივი უკრაინის აღდგენისთვის უნდა იყოს გამოყენებული.
„უკვე საჭიროა კონკრეტულ მექანიზმებზე მუშაობა გაყინული რუსული აქტივების გადმოსაცემად, რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ბოროტი სახელმწიფოს აქტივების, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გადმოცემა, სამშვიდობო აქტი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინას ზარალის ასანაზღაურებლად და სხვა საჭიროებებისთვის, ჯამში, დაახლოებით 411 მილიარდი სჭირდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ანა ბჟერდემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ენერგორესურსების აღდგენისთვის $200 მილიონის გრანტის გამოყოფის შესახებ.