უკრაინა ახალ სეზონამდე პოლონეთში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ექსპორტს შეაჩერებს.
„როგორც უკრაინელი, ასევე პოლონელი ფერმერებისთვის რთული მდგომარეობაა. ყველას გვესმის, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. უკრაინული მხარე ახალ სეზონამდე პოლონეთში ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას ექსპორტისგან თავს შეიკავებს”, –განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მხოლოდ პოლონური მხარის თანხმობით იქნება შესაძლებელი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების პორტებში ტრანზიტის საკითხი ასევე განიხილება პოლონეთის ხელისუფლებასთან.
შეთანხმების მიზანი პოლონეთში საწყობების განტვირთვაა, რომელიც მარცვლეულით არის სავსე.
ცნობისთვის, იაფი უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის გამო, ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. ამის გამო მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს. უკმაყოფილო ფერმერებმა შეხვედრაზე მისულ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა.
მარცვლეულის საკითხი, სავარაუდოდ, განხილვის თემა იყო უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების ვარშავაში გამართული შეხვედრის დროსაც.