Forbes-ის განახლებული მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება გასული ერთი წლის განმავლობაში $100 მილიონით გაიზარდა.
Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი $4,9 მილიარდით 552-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-ის მონაცემებით წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:
2014 – $5.2 მილიარდი;
2015 – $5.2 მილიარდი;
2016 – $4.8 მილიარდი;
2017 – $4.5 მილიარდი;
2018 – $4.6 მილიარდი;
2019 – $4.9 მილიარდი;
2020 – $4.8 მილიარდი;
2021 – $4.8 მილიარდი;
2022 – $4.8 მილიარდი;
2023 – $4.9 მილიარდი.
რეიტინგს ახლავს ბიძინა ივანიშვილის დოსიეც, სადაც Forbes წერს:
საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში ლითონის წარმოებასა და საბანკო სექტორებში გამოიმუშავა. შემდეგ ფული გაანაღდა და 2003 წელს სახლში დაბრუნდა.
ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ცამეტი თვის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან თავისი მისია შეასრულა.
Forbes ბიძინა ივანიშვილის მიერ Credit Suisse-ისთვის მიბარებულ $1 მილიარდზეც წერს, საიდანაც $100 მილიონზე მეტი ბანკის მენეჯერმა პატრიკ ლესკადრონმა მოიპარა.
ლესკადრონი დამნაშავედ ცნეს 2018 წლის თებერვალში და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2022 წლის დეკემბერში Credit Suisse-მა ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, $210 მილიონი გადაუხადა.
ივანიშვილი ცხოვრობს 108 000 კვადრატული ფუტის ფართობზე, მთებში, რომელიც თბილისს გადაჰყურებს. მისი ნახატების უზარმაზარ კოლექციაშია პიკასოს დორა მაარი კატასთან ერთად.
დოსიეს Forbes ივანიშვილის ფრაზით ამთავრებს:
„ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, ორასი მილიონი საკმარისია, ამის შემდეგ ეს მხოლოდ სპორტია“.
Forbes-ის შეფასებით, პლანეტის მილიარდერების ქონება სულ $12,2 ტრილიონს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში $500 მილიარდით არის შემცირებული. 2022 წლის მარტში ის $12,7 ტრილიონი იყო.
Forbes მიუთითებს, რომ ჩამონათვალში შემავალი მილიარდერების თითქმის ნახევარი ახლა უფრო „ღარიბია“, ვიდრე ერთი წლის წინ.